ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ხსნის

04.06.26 10:51
ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ხსნის

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გასახსნელად მზადება დაიწყო. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, კვიპროსმა, წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომის შემდეგ გაავრცელა.

ევროკავშირის საერთო პოზიციის დამტკიცება მომავალ კვირაში იგეგმება, ხოლო მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნა 15 ივნისს, ლუქსემბურგში დაგეგმილ მთავრობათაშორის კონფერენციებზე უნდა მოხდეს.

პროცესი აქამდე უნგრეთის ყოფილი მთავრობის წინააღმდეგობის გამო იყო შეფერხებული, თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტის პოზიცია შეიცვალა. მისი განცხადებით, უკრაინასთან მიღწეულია შეთანხმება ეთნიკური უნგრელების უფლებების გაფართოებაზე, რის შემდეგაც უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ევროკავშირის ერთიანობას ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები