"პრაგმატიკოსები" - ლავროვი "ოცნებას" აქებს
მოსკოვი ისევ "ოცნების" ხელისუფლებას აქებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასტან ისაუბრა.
ლავროვის მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე. მისი მტკიცებით, ევროკავშირის გაფართოების წინა ეტაპებზე გაწევრიანებულმა არაერთმა აგრარულმა ქვეყანამ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნაწილი დაკარგა.
„საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება. ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.
ამჟამად საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 70% მოდის რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე. ამიტომ, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ყველაფერი ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ გავითვალისწინებთ, რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, ევროკომისიის ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ქმედების აღიარება და სხვა. მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორც უკვე აღვნიშნე, და, დიდწილად, ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან არსებული ეკონომიკური და ტურისტული კავშირების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაგრძელებაზე საუბრობს.