აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი მიიღო

05.06.26 10:31
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირე ქვეყნების დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ The Hill-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 95 წავიდა. დემოკრატებთან ერთად კანონპროექტს 18 რესპუბლიკელმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმაც დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ მხოლოდ დემოკრატი კონგრესმენი ილჰან ომარი გამოვიდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსებას, ომის შემდგომი აღდგენის მხარდაჭერას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, რუსეთის გავლენის შეზღუდვის ზომებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებასა და უკრაინისთვის სამხედრო სესხების გამოყოფას შეიარაღების შესაძენად.

დოკუმენტი კენჭისყრაზე სპეციალური პროცედურის – ე.წ. „გათავისუფლების პეტიციის“ მეშვეობით გავიდა, რომლის ინიციატორი წარმომადგენელთა პალატის წევრი გრეგორი მიქსი იყო.

კენჭისყრისას გრეგორი მიქსმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია.

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. საკითხავია – როგორ?“ – აღნიშნა მან.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღი უნდა მიაწოდოს და რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.

The Hill-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის სენატში მიღების პერსპექტივა შეზღუდულია, კენჭისყრამ რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.