კიევის საფოსტო ტერმინალში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – საქმე ტერაქტად დაკვალიფიცირდა

05.06.26 10:33
კიევის საფოსტო ტერმინალში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – საქმე ტერაქტად დაკვალიფიცირდა

5 ივნისს დილით, კიევის ობოლონის რაიონში მდებარე საფოსტო ტერმინალში ამანათის შემოწმების დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. აფეთქება ტერორისტულ აქტად არის კვალიფიცირებული.

ამის შესახებ კიევის პოლიცია და კიევის საქალაქო პროკურატურა იუწყებიან.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი ამანათის დათვალიერების დროს მოხდა. შემთხვევის შედეგად 59 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 37 და 41 წლის მამაკაცებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის წევრები, დედაქალაქის პოლიციის ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო პროკურატურამ განაცხადა, რომ ობოლონის რაიონში მდებარე საფოსტო ტერმინალში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად შეფასდა.

„დაწყებულია წინასასამართლო გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე — ტერორისტული აქტი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, — ნათქვამია განცხადებაში.

წინასასამართლო გამოძიებას კიევსა და კიევის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მთავარი სამმართველოს გამომძიებლები, კიევის საქალაქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, აწარმოებენ.