სომხეთში არჩევნებზე აქტივობამ 14:00 საათისთვის 33.84% შეადგინა
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 14:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი უკვე 847 226 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.84%-ს შეადგენს.
შედარებისთვის, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამავე დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 695 626 ამომრჩეველს, ანუ 26.82%-ს ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, წლევანდელი არჩევნები გაცილებით მაღალი აქტივობით მიმდინარეობს.
სომხეთის პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს — 16 პარტია და ორი საარჩევნო ალიანსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლება ქვეყნის 2.48 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
მთავარი პოლიტიკური დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებასა“ და ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარეობს. ფაშინიანის გუნდი დასავლურ კურსსა და ევროკავშირთან დაახლოებას ემხრობა, ხოლო მისი ძირითადი კონკურენტები, მათ შორის „სომხეთის ალიანსი“, „ძლიერი სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“, უფრო მეტად პრორუსულ ფლანგთან ასოცირდებიან.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალიანს „ძლიერ სომხეთს“, რომელიც დაკავებულ მილიარდერ სამველ კარაპეტიანთანაა დაკავშირებული და რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტად განიხილება.