დასავლური კურსი თუ კრემლის გავლენა - გადამწყვეტი არჩევნები სომხეთში
ხმის მიცემა ჯგუფურად, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება საარჩევნო უბნებზე, კადრები პირდაპირ საარჩევნო კაბინებიდან, ამოუცნობი პირების გადაადგილება უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე — ეს იმ დარღვევების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მოქალაქეებმა და დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. პარალელურად, გაჩნდა ეჭვები, რომ საქართველოსთვის კარგად ნაცნობი საარჩევნო მანიპულაციების მეთოდებით კრემლი სომხეთის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერევნის აეროპორტშიც შექმნილმა ხალხმრავლობამ. საერთაშორისო მედიის ცნობით, არჩევნების დღეს ასობით მოქალაქე სპეციალურად დაბრუნდა სამშობლოში ხმის მისაცემად. რიგი გამოცემები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით იყო დაინტერესებული და ამ მიზნისთვის ე.წ. „სომხური დესანტის“ მობილიზებასაც ცდილობდა. ამ ფონზე, საარჩევნო პროცესი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული დაძაბულობისა და მკაცრი დაკვირვების პირობებში მიმდინარეობდა.
საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. 2005-ვე საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა თვალშისაცემი იყო. მოქალაქეები დილიდანვე იდგნენ რიგებში, რათა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინათ.
თუმცა, სომხეთში ჩატარებული კენჭისყრა ბევრისთვის ჩვეულებრივ არჩევნებს არ ჰგავდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს უფრო რეფერენდუმის მსგავსი პროცესი იყო, სადაც მოქალაქეებს ქვეყნის მომავალი განვითარების გზა და საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია უნდა განესაზღვრათ.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში 18 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ორი მთავარი პოლიტიკური ცენტრი გამოიკვეთა.
ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი იყო. „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალს იმ გადაწყვეტილებებზე აგებს, რომლებმაც აზერბაიჯანთან მრავალწლიანი კონფლიქტის დეესკალაცია და რუსეთის გავლენისგან ეტაპობრივი დისტანცირება მოიტანა.
ფაშინიანი ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ მორიგი მანდატის მიღების შემთხვევაში, სომხეთი კიდევ უფრო დააახლოებდა ურთიერთობებს დასავლეთთან, გააღრმავებდა თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააგრძელებდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. შესაბამისად, მისი მთავარი საარჩევნო გზავნილი დასავლური და სამშვიდობო კურსის გაგრძელება იყო.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.