სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს — ცესკომ ბიულეტენების 94% დათვალა

08.06.26 10:11
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს — ცესკომ ბიულეტენების 94% დათვალა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა. დილის 08:00 საათის მდგომარეობით, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 94%, რის მიხედვითაც მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 50.00%-ით ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, მეორე ადგილზე პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ იმყოფება, რომელმაც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 23.35% მიიღო. მესამე პოზიციას ბლოკი „სომხეთი“ იკავებს 9.96%-ით.

მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც ხმების 3.99% აქვს მიღებული, ხოლო მეხუთე პოზიციაზე პარტია „ერთობის ფრთები“ გავიდა 2.28%-იანი მხარდაჭერით.

სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის 4%-იანი, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის 8%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.

სომხეთის ეროვნული ასამბლეა ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც მინიმუმ 101 დეპუტატისგან შედგება. პარლამენტის წევრებს ხუთი წლის ვადით ირჩევენ პროპორციული სისტემით, თუმცა სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფის მიზნით დეპუტატთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. მოქმედ მოწვევაში პარლამენტი 107 წევრს აერთიანებს.