კაია კალასი: სომეხმა ხალხმა, რუსული ზეწოლის მიუხედავად, ევროპული მომავალი აირჩია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მიიჩნევს, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლისა, სომეხმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია.
„მინდა, სომხეთის შესახებ ორი სიტყვა ვთქვა. ჩემი აზრით, აქტივობა ძალიან კარგი იყო და, ცხადია, ხმების დათვლა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, სომეხმა ხალხმა, ძლიერი რუსული წნეხის მიუხედავად, მაინც ევროპული მომავალი აირჩია, რაც კარგია და, რა თქმა უნდა, ჩვენ სამომავლო რეფორმების მხრივ მათ დახმარებას შევძლებთ, რამდენადაც ეს შეგვიძლია“, – განაცხადა კაია კალასმა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.
ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.