რუსეთის დიდი მარცხი სომხეთში - რა გაკვეთილი შეიძლება იყოს საქართველოსთვის?
ბრძოლა კრიმინალურ ოლიგარქიასთან ნიკოლ ფაშინიანის ახალი პოლიტიკური მისიაა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, პრო-ევროპელ ლიდერად ქცეულმა ფაშინიანმა, ქვეყანაში მოქმედ პრო-ოლიგარქებს მძიმე დღეები დაუანონსა. თქვა, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მათი გავლენები შემცირდეს. ეს არის დაკვეთა, რომელიც ფაშინიანმა საკუთარი მოქალაქეების მიერ გაკეთებულ არჩევანში ამოიკითხა.
სომხეთში რუსეთი დამარცხდა. ვერც ხალხის ფულით მოქრთამვამ გაჭრა და ვერც მუქარებმა მოსკოვიდან. ნიკოლ ფაშინიანის პრო-ევროპულ და სამშვიდობო პოლიტიკას ნდობა ამომრჩევლის უმრავლესობამ გამოუცხადა. რეფერენდუმად წოდებული არჩევნების შედეგები დიდი პოლიტიკური დარტყმაა კრემლისთვის, რადგან სომხეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაში წარმოუდგენიათ.
რუსეთი სომეხი ხალხის არჩევანის მოპარვას, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი გზებით ცდილობდა. კარუსელები საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემა ჯგუფურად. IRI-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ტროლ-ბოტებს იყენებდნენ და ზეწოლა არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ ბიზნესმენებზეც მიდიოდა.