ზელენსკი რუსეთზე საპასუხო დარტყმების გაძლიერებას აანონსებს
უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რაოდენობას გაზრდის, რათა რუსეთის დარტყმებს სრულფასოვნად უპასუხოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ყოველდღიურად უკრაინის წინააღმდეგ 650-მდე დრონსა და 35-100 რაკეტას იყენებს. მისივე განმარტებით, უკრაინა ამჟამად საპასუხოდ 300-350 შორ მანძილზე მოქმედ საშუალებას იყენებს, თუმცა ამ შესაძლებლობების გაზრდას გეგმავს.
„რუსეთი უნდა ხვდებოდეს, რომ თუ ჩვენს ხელში 600 დრონი და რაკეტა იქნება, ომს საკუთარ ტერიტორიაზეც ისე იგრძნობს, როგორც ჩვენ ვგრძნობთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე დროს, ანდრის კულსბერგმა განაცხადა, რომ ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სახელწოდებით Drone Deal.
მისი თქმით, შეთანხმება დრონების ტექნოლოგიების განვითარებასა და ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს. კულბერგსის განცხადებით, უკრაინის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დანაკარგების 93% სწორედ დრონების გამოყენებით არის გამოწვეული, რის გამოც ანტიდრონული შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.