Politico: სამხედრო უპირატესობის გასაძლიერებლად კიევი მოკავშირეებისგან 20 მილიარდ დოლარს ითხოვს

12.06.26 10:17
Politico: სამხედრო უპირატესობის გასაძლიერებლად კიევი მოკავშირეებისგან 20 მილიარდ დოლარს ითხოვს

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამის შესახებ გამოცემა Politico უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების მოთხოვნა ოფიციალურად 18 ივნისს, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაჟღერდება. წყაროების ცნობით, საკითხი უკვე განიხილეს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა ნორვეგიის, შვედეთის, გერმანიისა და კანადის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებზე.

Politico-ს ცნობით, კიევი მოკავშირეებს შესთავაზებს, თითოეულმა ქვეყანამ 2-დან 6 მილიარდ დოლარამდე გამოყოს, რათა საერთო ჯამში 20 მილიარდი დოლარის ფონდი შეიქმნას. დაფინანსება შესაძლოა როგორც პირდაპირი დახმარების, ისე სესხის ფორმით გაიცეს.

უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ნატოს ლიდერთა ივლისის სამიტზეც, რომელსაც ანკარაში გამართავენ და სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები