ირკუტსკის ოლქში Ту-22М3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა

16.06.26 10:23
ირკუტსკის ოლქში Ту-22М3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისს ირკუტსკის ოლქში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი გეგმურ საწვრთნელ ფრენას ასრულებდა და ბორტზე საბრძოლო მასალები არ იმყოფებოდა.

ოფიციალური ვერსიით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, ხოლო შემთხვევის შედეგად ხმელეთზე ნგრევა არ დაფიქსირებულა. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც, გამოცემის მტკიცებით, ჩამოვარდნილი და ცეცხლმოკიდებული Ту-22М3-ია აღბეჭდილი.

Ту-22М3 რუსეთის შორეული ავიაციის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომშიც აქტიურად იყენებს. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთის შეიარაღებაში ამ ტიპის 50-ზე მეტი თვითმფრინავია.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივნისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ობობას ქსელის“ სახელით ცნობილ ოპერაციაში დრონების გამოყენებით რუსეთის რამდენიმე სამხედრო აეროდრომს შეუტია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად სხვა ავიატექნიკასთან ერთად რამდენიმე Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენიც განადგურდა