ირანი: სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „თავს დაესხით მათ, ვინც თავს დაგესხმებათ”

18.07.26 17:23
ირანი: სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „თავს დაესხით მათ, ვინც თავს დაგესხმებათ”

ირანმა ოფიციალურად შეაჩერა ყველა ვალდებულება, რომელიც ერთი თვის წინ აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმით ჰქონდა აღებული - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდასხმებს შესაბამისი ზომებით უპასუხებენ.

„ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ის სამხედროების სისასტიკეს შეაჩერებს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „ვინც თავს დაგესხმებათ, თავს დაესხით ისევე, როგორც ის დაგესხათ“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსაც მიმართავს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

„ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის საოკუპაციო ძალებს მასპინძლობენ და რომლებმაც თავიანთი ტერიტორია ამ დამპყრობელ დამნაშავეებს ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად დაუთმეს, მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხის მისაღებად“, - აცხადებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ზედიზედ მეშვიდე ღამეა ირანის ტერიტორიაზე სამხედრო გემების, ავიაგამანადგურებლებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბურ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ამერიკულმა ძალებმა დაბომბეს ირანის სანაპირო დაცვის რადარები, სათვალთვალო კოშკურები, მიწისქვეშა იარაღის საწყობები, ასევე სტრატეგიული სამხრეთ პორტის, ბანდარ-აბასის სარკინიგზო კვანძები და ხიდები.

საპასუხოდ, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებზე - ქუვეითზე, ბაჰრეინსა და იორდანიაზე.