კიევზე ღამის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც
19 ივლისის ღამით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. დარტყმებისა და ხანძრების კერები დედაქალაქის ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში კვლავ გრძელდება საოფისე შენობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია, ხოლო საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში ხანძარი უკვე ჩააქრეს.
შევჩენკოს რაიონში მაშველებმა ავტომობილებისა და სამსართულიანი შენობის ხანძარი ჩააქრეს, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და დაღუპული ადამიანი აღმოაჩინეს.
სვიატოშინის რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ოთხი ადამიანი კი უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
დესნიანსკის რაიონში ორ არასაცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო დნეპროვსკის რაიონში დაიწვა ავტომობილები, არასაცხოვრებელი შენობა და საერთო საცხოვრებელი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ სოლომენსკის, დესნიანსკისა და შევჩენკოს რაიონებში.