რუსებმა ზაპოროჟიეში სამგზავრო მატარებელი დაბომბეს
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში სამგზავრო მატარებელს დრონებით შეუტიეს. „უკრაინის რკინიგზის“ ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფის დროული გადაწყვეტილებით მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, რის გამოც მსხვერპლი არ ყოფილა.
წინასწარი მონაცემებით, მსუბუქად დაშავდა მატარებლის ერთი გამცილებელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება. მგზავრებს ზაპოროჟიეში ავტობუსებით გადაიყვანენ.
ამასთან, ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთის მიერ გუშინ და 19 ივლისის ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქალაქის სამ რაიონში დაზიანდა 51 კერძო საცხოვრებელი სახლი და ერთი არასაცხოვრებელი შენობა. დაზიანებულია სახურავები, კედლები, ჩალეწილია ფანჯრები და კარები. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.