კადიროვმა რუსეთს ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშებისკენ მოუწოდა

19.07.26 10:08
კადიროვმა რუსეთს ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშებისკენ მოუწოდა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რუსეთს მოუწოდა, სამხედრო მოქმედებები გააფართოოს და ნატოს იმ წევრ ქვეყნებს დაარტყას, რომლებიც უკრაინას იარაღით, სადაზვერვო ინფორმაციითა და სხვა სახის დახმარებით მხარს უჭერენ.

კადიროვმა ეს განცხადება საკუთარ Telegram-არხზე გაავრცელა. მისი თქმით, ჩეჩნური დანაყოფები მზად არიან ნებისმიერი საბრძოლო დავალების შესასრულებლად, თუ შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასცემს.

„ჩვენ ქვეითები ვართ და მზად ვართ, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ მითითებული ნებისმიერი მიმართულებით გავემართოთ“, – წერს კადიროვი.

მისივე განცხადებით, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნების მოქმედებებს აღარ უნდა „უყუროს მოთმინებით“ და „ცეცხლი უნდა გახსნას“ იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოს სახელით უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

განცხადებაში კადიროვმა დასავლეთის ქვეყნების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც გამოიყენა და აღნიშნა, რომ ისინი „მხოლოდ ძალის ენას იგებენ“.