ლიპეცკში აფეთქებების შემდეგ საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა – რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული
რუსეთის ქალაქ ლიპეცკში 21 ივლისის ღამეს აფეთქებების შემდეგ საწარმოო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მანამდე რეგიონში სარაკეტო საფრთხის განგაში იყო გამოცხადებული.
ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველების მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ცეცხლი სავარაუდოდ ლიპეცკის თბოელექტროსადგურ №2-ის ან „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის“ (NLMK) მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. NLMK რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელია.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ საწარმოო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დგინდება. მისი ინფორმაციით, ხანძრის ფართობი დაახლოებით 2 500 კვადრატული მეტრია.
ამავე ღამით ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქშიც, ინდუსტრიულ პარკ „ლადოგაში“ მდებარე პოლიმერული მასალების საწარმოში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 5 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
გარდა ამისა, ღამის განმავლობაში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ვოლგოგრადიდანაც, სადაც ასევე გამოცხადებული იყო სარაკეტო საფრთხის განგაში.