SPIEGEL: ოკუპირებული აფხაზეთიდან გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ NATO-ს სამიტის წინ თურქეთში განგაში გამოიწვია
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ანკარაში NATO-ს სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ალიანსის რადარებმა თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მაღალი სიჩქარით მოძრავი რაკეტა დააფიქსირეს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ობიექტი ბალისტიკურ რაკეტად მიიჩნიეს, რის გამოც უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს გერმანიის ბუნდესვერის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეაც, რომელიც თურქეთის მალათიის პროვინციაშია განთავსებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი იყო რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტაზე, რომელიც კურსიდან გადავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაშვების შემდეგ და საბოლოოდ შავ ზღვაში ჩავარდა.
Der Spiegel-ის შეფასებით, ინციდენტი NATO-ს გარე საზღვრებთან საჰაერო სივრცის დარღვევების იმ სერიის ნაწილია, რომელიც რუსეთსა და ალიანსს შორის ესკალაციის რისკს ზრდის.