იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
იაპონიის სამხრეთ ნაწილში, კიუშუს კუნძულზე მდებარე კუმამოტოს პრეფექტურაში, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ სტიქიის შემდეგ 1-მეტრიანი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა და საგანგებო სეისმური განგაში რამდენიმე პრეფექტურაში, მათ შორის კუმამოტოში, ნაგასაკიში, კაგოშიმაში, ფუკუოკაში, საგაში, ოიტასა და მიაძაკიში აამოქმედა.
Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერდა მათ შორის „შინკანსენის“ ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. ამასთან, ენერგოკომპანია Kyushu Electric Power აცხადებს, რომ ახლომდებარე ატომურ ელექტროსადგურებზე რაიმე სახის დაზიანება ან გაუმართაობა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
ხელისუფლება ზარალსა და შესაძლო შედეგებს აფასებს.