მედია: უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში კიევს ეწვიონ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვიონ. ინფორმაცია კონსერვატორმა ჟურნალისტმა ლორა ლუმერმა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ლუმერის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრაზე მიაღწიეს. მისი ინფორმაციით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ეს უიტკოფისა და კუშნერის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება უკრაინის დედაქალაქში. ამ ეტაპზე ინფორმაცია არც თეთრ სახლს და არც უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლორა ლუმერი, რომელიც წარსულში ანტიუკრაინული განცხადებებითა და რუსული ნარატივების გაზიარებით იყო ცნობილი, ივლისში კიევს ეწვია, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და განაცხადა, რომ წარსულში რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.