ტრამპმა თეთრ სახლში ზელენსკისა და ნეთანიაჰუს უმასპინძლა - მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის თავდაცვა იყო

29.07.26 10:41
ტრამპმა თეთრ სახლში ზელენსკისა და ნეთანიაჰუს უმასპინძლა - მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის თავდაცვა იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცალ-ცალკე დახურულ შეხვედრებზე უმასპინძლა. მოლაპარაკებები მედიის გარეშე გაიმართა, რის შემდეგაც ლიდერები ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გაემართნენ, სადაც სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი გადამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზიები, ასევე სხვა თავდაცვითი ინიციატივები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთთან დიპლომატიური პროცესის გააქტიურებასაც, ხოლო შემდგომ ნაბიჯებს ორივე ქვეყნის გუნდები შეათანხმებენ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპს ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და ამერიკელ სენატორს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი უწოდა. გრემი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.

მსგავსი სიახლეები