ლაიფციგის აეროპორტთან მესამე დრონი და ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს

25.08.26 12:30
ლაიფციგის აეროპორტთან მესამე დრონი და ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს

გერმანელი გამომძიებლები ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის საქმეში ახალ კვალს მიაგნეს - აეროპორტის სიახლოვეს მესამე დრონი და ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა სამხედრო დანიშნულების ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი იყოს. გერმანული მედიის ცნობით, დაახლოებით 50 გრამი საეჭვო ნივთიერება დრონთან ახლოს იპოვეს.

მესამე დრონი 14 აგვისტოს, აეროპორტის დასავლეთით მდებარე მინდორში აღმოაჩინეს - პირველი ინციდენტიდან ათი დღის შემდეგ. გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდასხმის მცდელობისას ერთდროულად რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს და თავდაპირველი გეგმა შესაძლოა იმაზე მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

საქმე 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მაშინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი უკრაინულ „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს. თვითმფრინავი სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება. გამომძიებლები ასევე ვარაუდობენ, რომ მეორე დრონი აეროპორტის დროებითი დახურვის შემდეგ DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა.

ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ფუნქცია აქვს - მას NATO და უკრაინული Antonov Airlines სამხედრო ტვირთების გადასაზიდად იყენებენ. გერმანული მედიის მიერ ციტირებული უსაფრთხოების წყაროები საქმეში რუსეთის დაზვერვის შესაძლო მონაწილეობასაც განიხილავენ, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

გერმანიის ფედერალურ პროკურატურას Reuters-ისთვის ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია