პუტინის განკარგულება: სახელმწიფო იმ საწარმოებს ჩაიბარებს, რომლის მესაკუთრეც დრონების იერიშებისგან ობიექტს ვერ დაიცავს

26.08.26 10:17
პუტინის განკარგულება: სახელმწიფო იმ საწარმოებს ჩაიბარებს, რომლის მესაკუთრეც დრონების იერიშებისგან ობიექტს ვერ დაიცავს

რუსეთში კერძო საწარმოები, რომლებიც უკრაინული დრონების იერიშებისგან საკუთარი ობიექტების დაცვას ან დარტყმების შემდეგ მათ დროულ აღდგენას ვერ უზრუნველყოფენ, შესაძლოა სახელმწიფოს ან დანიშნული მესამე პირის დროებით მმართველობაში გადავიდეს. შესაბამის განკარგულებას ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

2026 წლის 24 აგვისტოს გამოცემული №604 განკარგულება კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, თუ მესაკუთრე ვერ შეძლებს ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რუსეთის მთავრობას უფლება ეძლევა საწარმოში დროებითი მმართველი დანიშნოს.

დროებით მმართველს გადაეცემა მესაკუთრის ყველა ძირითადი უფლებამოსილება (გარდა ქონების გასხვისების უფლებისა). კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში შედის:

  • ნავთობისა და ენერგეტიკული კომპლექსები;
  • სამრეწველო საწარმოები;
  • კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციის ქსელები;
  • კომუნალური და სატრანსპორტო კომპანიები.

ექსპერტებისა და მედიის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და სამრეწველო ობიექტებზე გახშირებულ წარმატებულ იერიშებს, რითაც კრემლი პასუხისმგებლობის კერძო მესაკუთრეებზე გადატანას და აქტივებზე კონტროლის გაძლიერებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები