ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული ან აფეთქებულია - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა საზღვაო ნაღმი ამოიღო ან გააუვნებელყო. თეთრი სახლის ლიდერი ირანს აფრთხილებს, რომ სრუტეში ნაღმების ხელახლა განთავსების ნებისმიერი მცდელობა სამხედრო ძალით აღიკვეთება.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი წერს:
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ახლახან მაცნობა, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული და/ან აფეთქებულია. ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი თუ ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემურად განადგურდება!
ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე ნაღმების განთავსებასთან დაკავშირებით „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მოქმედებს და აშშ-ის კოსმოსური ძალები სრუტის თითოეულ კვადრატულ მეტრს აკონტროლებენ.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო არტერიაა, რომელზეც გლობალური ნავთობვაჭრობის დაახლოებით 20% გადის.