რუსეთში „ოხმატდიტის“ დაბომბვაში ბრალდებულ გენერალს ესროლეს - ის მძიმე მდგომარეობაშია

04.09.26 10:33
რუსეთში „ოხმატდიტის“ დაბომბვაში ბრალდებულ გენერალს ესროლეს - ის მძიმე მდგომარეობაშია

რუსეთის სარატოვის ოლქში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა სამხედრო მაღალჩინოსანზე. რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ენგელსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოფიცერი. რამდენიმე წყარო დაჭრილს გენერალ-მაიორ ნიკოლაი ვარპახოვიჩად, რუსეთის 22-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო დივიზიის მეთაურად ასახელებს. რუსეთის ხელისუფლებას მისი ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და სამხედრო მაღალჩინოსანს ორჯერ ესროლა. ვარპახოვიჩი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით სამკურნალოდ მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით აღძრა.

თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 31 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვარპახოვიჩს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი ომის დანაშაულისთვის. SBU-ს გამოძიების თანახმად, სწორედ მან გასცა საბრძოლო ბრძანება 2024 წლის 8 ივლისს კიევის ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტზე“ სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საავადმყოფოს Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა მოხვდა, რომელიც Tu-95MS ბომბდამშენიდან გაუშვეს. თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

თავდასხმის ადგილიც საყურადღებოა - ენგელსში მდებარეობს Engels-2-ის სტრატეგიული ავიაბაზა, სადაც რუსეთის შორი მოქმედების ბომბდამშენებია განთავსებული. ვარპახოვიჩის დივიზიაც სწორედ ენგელსშია ბაზირებული და უკრაინული მხარე მას უკრაინის ქალაქებზე სტრატეგიული ავიაციის სარაკეტო იერიშების ორგანიზებას უკავშირებს.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას გენერალზე თავდასხმის უკან. უკრაინას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ამიტომ ამ ფაქტის პირდაპირ უკრაინულ სპეცსამსახურებთან დაკავშირება ჯერჯერობით დაუდასტურებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები