კიევში უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებს შორის სროლა მოხდა
კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (HUR) თანამშრომლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამხედრო დაზვერვის სამი თანამშრომელი დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა სტეპან კაპლუნოვი - „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის და სამხედრო დაზვერვასთან არის დაკავშირებული. არსებული ინფორმაციით, SBU-ს თანამშრომლები კაპლუნოვის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, როდესაც ადგილზე სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები მივიდნენ. მხარეებს შორის კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა. გავრცელებულ ვიდეოში სროლის მომენტიც ისმის, თუმცა კადრებით ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, ვინ გაისროლა პირველი.
კონფლიქტს წინ უძღოდა კაპლუნოვის რამდენიმე დღით გაუჩინარება. თავად კაპლუნოვი აცხადებს, რომ 23 აგვისტოს SBU-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს და ცხრა დღის განმავლობაში საიდუმლო ადგილებში ჰყავდათ დაკავებული. მისი მტკიცებით, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და აიძულეს ეღიარებინა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან - FSB-სთან - თანამშრომლობა. მოგვიანებით მან ეს ჩვენება უარყო.
SBU სრულიად განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია ინფორმაცია კაპლუნოვის რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო კონტაქტების შესახებ. უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც კაპლუნოვი FSB-სთან კავშირზე საუბრობს. თავად კაპლუნოვი და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ ეს აღიარება ზეწოლის შედეგად გაკეთდა.
საქმეზე უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გამოძიება დაიწყო. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი უკვე წარედგინა ორ პირს - SBU-ს ერთ თანამშრომელსა და HUR-ის ერთ სამხედრო მოსამსახურეს. ცალკე მიმდინარეობს გამოძიება კაპლუნოვის გაუჩინარების გარემოებებზეც.
ინციდენტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მომხდარს „აბსოლუტურად სამარცხვინო“ უწოდა. მან საქმის სრულყოფილი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოითხოვა.