გერმანია უკრაინის ენერგოსისტემის დასახმარებლად დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდში დამატებით დაახლოებით 250 მილიონ ევროს გადარიცხავს. თანხა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ, განვითარების ბანკ KfW-ის მეშვეობით გამოიყოფა და ზამთრის წინ დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გადაუდებელ აღდგენას მოხმარდება.
უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, გერმანიის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი ზამთრის წინ უკრაინის ენერგოსისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად. რუსეთის მუდმივი იერიშების ფონზე უკრაინული ენერგოკომპანიების საჭიროებები კვლავ ძალიან დიდია.
ახალი დახმარების გათვალისწინებით, უკრაინული მხარის მონაცემებით, გერმანიის საერთო შენატანი ფონდში 807 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც მას ფონდის უმსხვილეს დონორად აქცევს. გერმანიის მთავრობის მონაცემებში თანხა დამრგვალებულია და დაახლოებით 810 მილიონ ევროდ არის მითითებული. მთლიანობაში კი საერთაშორისო დონორებმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდში უკვე 2,4 მილიარდ ევროზე მეტი შეიტანეს.
დახმარების თანხით უკრაინა შეიძენს სათადარიგო ნაწილებსა და მოწყობილობებს რუსეთის იერიშებით დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. თანხის ნაწილი ასევე შეიძლება მოხმარდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწყობილობების, მათ შორის ტრანსფორმატორებისა და მაღალი ძაბვის ქსელებისთვის საჭირო ტექნიკის, სტრატეგიული რეზერვის შექმნას.
შმიგალის თქმით, მიუხედავად საერთაშორისო დახმარებისა, ფონდს არსებული საჭიროებების დასაფარად კიდევ 561,5 მილიონი ევროს მოზიდვა სჭირდება.