სომხეთში გარეგინ II-ის საქმის განხილვას უკვე მესამე მოსამართლე არ იწყებს

04.09.26 10:53
სომხეთში გარეგინ II-ის საქმის განხილვას უკვე მესამე მოსამართლე არ იწყებს

სომხეთში ყველა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ისა და ექვსი მაღალი რანგის სასულიერო პირის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა კვლავ ვერ იწყება. ერევნის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ვაჰაგნ მელიქიანმა საქმის განხილვა ამ ეტაპზე არ დაიწყო და საკასაციო სასამართლოს მიმართა, რათა საბოლოოდ განისაზღვროს, რომელ სასამართლოს ეკუთვნის საქმის განხილვა. ის უკვე მესამე მოსამართლეა, რომელსაც კათოლიკოსისა და ეპისკოპოსების საქმე გადაეცა.

პირველმა მოსამართლემ, ჰაკობ მანუკიანმა, 7 აგვისტოს თვითაცილება გამოაცხადა და განმარტა, რომ წარსულში კათოლიკოსის ერთ-ერთ ადვოკატთან პროფესიული კავშირი ჰქონდა, რასაც მისი მიუკერძოებლობის შესახებ კითხვები შეიძლებოდა გაეჩინა. მეორე მოსამართლემ, სერჟ რუშანიანმა, საქმე ერევნის სასამართლოს გადაუგზავნა, რადგან ბრალდებაში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილი მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული. ახლა მესამე მოსამართლეც მიიჩნევს, რომ ჯერ სწორედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს. საკასაციო სასამართლომ ხუთი დღის ვადაში უნდა განსაზღვროს, ერევნის თუ არმავირის სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე.

გარეგინ II-სა და სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი სასულიერო საბჭოს ექვს წევრს ბრალად ედებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განზრახ ხელის შეშლა.

საქმე მასიაცოტნის ეპარქიის ყოფილ წინამძღვარს, ეპისკოპოს გევორგ საროიანს უკავშირდება. გარეგინ II-მ ის 2026 წლის იანვარში თანამდებობიდან გაათავისუფლა. საროიანმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც სასამართლომ დაადგინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას ეპარქიის წინამძღოლის უფლებამოსილება უნდა შეენარჩუნებინა. ამის მიუხედავად, კათოლიკოსმა და უმაღლესმა სასულიერო საბჭომ მოგვიანებით საროიანის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევა გადაწყვიტეს. პროკურატურა სწორედ ამას მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობად.

თავად სომხური სამოციქულო ეკლესია ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეპისკოპოსების დანიშვნა და გათავისუფლება ეკლესიის კანონიკური სამართლის საკითხია და სახელმწიფო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. საქმე ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის უკვე ხანგრძლივი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები