პენტაგონი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეს იძიებს - 50-მდე მაღალჩინოსანი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
პენტაგონი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეს იძიებს - უპრეცედენტო გამოძიების ფარგლებში არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ჯამში 50-მდე მაღალჩინოსანი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. როგორც The New York Times-ი წერს, ამერიკის თავდაცვის უწყება არკვევს ვინ გაიტანა შტაბ-ბინიდან საიდუმლო ინფორმაცია და მიაწოდა ჟურნალისტებს.
გამოძიების ამ ფორმას ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამერიკული არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე პოლიგრაფი ასეთი მასობრივი რაოდენობით არასდროს გამოუყენებიათ.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში აქტიურად შუქდებოდა ინფორმაცია აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების არსენალის შემცირებაზე.
გაერთიანებულ შტაბში 1 500-დან 2 000-მდე ოფიცერი და მაღალჩინოსანი მუშაობს. უწყება მსოფლიოს მასშტაბით საბრძოლო სარდლობებთან ოპერაციებს, პოლიტიკასა და საომარ გეგმებს კოორდინაციას უწევს.
The New York Times-ის ინფორმაციაზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ უწყება „არ აკეთებს კომენტარს შიდა საკადრო ან საგამოძიებო საკითხებზე, თუმცა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერ გაჟონვას უკიდურესად სერიოზულად ეკიდება და შესაბამის გამოძიებებს ატარებს“.