საბოტაჟის სერია გერმანიის ენერგოსისტემაზე - ქვესადგურებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს
გერმანიაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის სერიას იძიებენ - საქსონიაში, ორი მაღალი ძაბვის ქვესადგურის სიახლოვეს, სამართალდამცველებმა 12 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მოწყობილობები ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და მოკლე ჩართვის გამოწვევისთვის იყო განკუთვნილი.
მსგავსი თავდასხმები მანამდე ბრანდენბურგსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაშიც დაფიქსირდა. ბრანდენბურგში თვითნაკეთი, რაკეტის მსგავსი მოწყობილობებით მაღალი ძაბვის ხაზებზე გამტარი მასალის გადატანას ცდილობდნენ, რის შედეგადაც მოკლე ჩართვებიც მოხდა. ბერგჰაიმში კი განზრახ გამოწვეული მოკლე ჩართვის შემდეგ ხუთი ქვანახშირის ენერგობლოკი, ჯამში 4 200 მეგავატი სიმძლავრით, ქსელიდან დროებით გაითიშა. ქვეყნის ელექტრომომარაგების სტაბილურობა არ დარღვეულა.
საქმეზე პოლიცია 48 წლის მამაკაცს ეძებს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილმა რამდენიმე მედიასაშუალებას გაუგზავნა წერილები, რომლებშიც თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო და მოტივად წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი ამ ეტაპზე „კლიმატურ ექსტრემიზმზე“ საუბრობს, თუმცა სამართალდამცველები ჯერ არ ადასტურებენ, რომ წერილების ავტორი ყველა თავდასხმის უშუალო შემსრულებელია. უცხო სახელმწიფოს მიერ მართული საბოტაჟის ვერსიაც გამოძიებიდან სრულად მოხსნილი არ არის.