სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს მოსკოვსა და კიევზე დარტყმების სამი დღით შეჩერებისთვის მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს მოსკოვსა და კიევზე დარტყმების სამი დღით შეჩერებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ამერიკული დელეგაციის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
„ბატონო პრეზიდენტო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ და რუსეთის ფედერაცია დათანხმდით ამ სამი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას, რათა მოსკოვსა და კიევზე არ განხორციელებულიყო დარტყმები და ჩვენ აქ უსაფრთხოდ ჩამოსვლა შეგვძლებოდა“, - განაცხადა უიტკოფმა პუტინთან მოლაპარაკების დაწყებისას.
უიტკოფის განცხადებიდან ირკვევა, რომ შეთანხმება კონკრეტულად მოსკოვისა და კიევის წინააღმდეგ დარტყმების დროებით შეჩერებას ითვალისწინებდა და არა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. კრემლში გამართული მოლაპარაკება სამ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა.
პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილეს. მისი თქმით, პუტინმა ამერიკელ წარმომადგენლებთან კვლავ ისაუბრა ე.წ. კონფლიქტის პირველწყაროების აღმოფხვრის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევაში დარწმუნებულია.