ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და ევროკავშირის სამი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დროს, განხილვა ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პარამეტრებზე, არამედ უკრაინის მოკლევადიან მხარდაჭერაზეც.
ზელენსკის თქმით, 6 სექტემბერს ჯამში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე "ძალიან შინაარსიანი" იყო.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ყოფნა „პეტრიოტის სისტემებზე უკეთ მუშაობდა“ და გამოთქვა სურვილი, რომ ისინი უფრო ხშირად ჩამოსულიყვნენ, რათა რიგით უკრაინელებს რუსული დაბომბვის გარეშე „ცოტათი ცხოვრების“ შესაძლებლობა ჰქონოდათ.
„პატრიოტი ზოგჯერ შეიძლება ხუმრობად ჟღერდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი... თუ ომი ზამთარში გაგრძელდება - და ახლა ასე გამოიყურება - ჩვენ ძალიან ვენდობით „ზამთრის პაკეტს“, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივთან, ჯარედთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ კიევი საჰაერო თავდაცვაზე, ენერგეტიკულ მხარდაჭერასა და ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გამოყენების შესაძლებლობაზე იმედოვნებს.
მისი თქმით, კიევი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ენერგეტიკული მხარდაჭერისა და ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გამოყენების შესაძლებლობის მიღებას ელოდება.
"აქტუალურ საკითხად რჩება ტერიტორიული საკითხიც. ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა ამის შესაძლებლობა გვქონდა და საკითხი განვიხილეთ. კვლავ იმ აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ქვეყნის "კეთილდღეობის გეგმა".
"გვესმის, როგორი უნდა იყოს ჩვენი არმია - ის ძლიერი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. ამ ყველაფერს რესურსები სჭირდება. თქვენ ეს შესანიშნავად გესმით, ჩვენც ყველას გვესმის. ამიტომ გარანტიები ძლიერი და მკაფიო უნდა იყოს" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.