უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებს
ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანას, რუსიფიკაციასა და იდეოლოგიურ დამუშავებას უკავშირდებიან. სანქციების პროექტში მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანში მოქმედი საერთაშორისო საბავშვო ბანაკი „სონდოვონიც“.
ევროკავშირის დოკუმენტის თანახმად, ბანაკი მონაწილეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ბავშვების ჩრდილოეთ კორეაში გადაყვანის ორგანიზებულ პროგრამებში. მათი მგზავრობა ფორმალურად ე.წ. „კულტურული გაცვლის“ პროგრამად არის წარმოდგენილი, თუმცა ბრიუსელის შეფასებით, მას გაცილებით ფართო პროპაგანდისტული და იდეოლოგიური მიზანი აქვს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სონდოვონში“ უკრაინელ ბავშვებს პრორუსული ნარატივების გავლენის ქვეშ აქცევენ. ევროკავშირის შეფასებით, მსგავსი პროგრამები ბავშვების იდეოლოგიურ დამუშავებასა და რუსიფიკაციას ემსახურება.
„სონდოვონი“ მანამდე, მაისში, დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშიც მოხვდა - ლონდონმა ბანაკი რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და „გადამზადებასთან“ დაკავშირებული პროგრამების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ახალ სანქციათა პროექტში სულ 10 ფიზიკური პირი და 17 ორგანიზაცია ფიგურირებს. მათ შორის არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების მაღალჩინოსნები და ბავშვთა ბანაკები, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინელი არასრულწლოვნების იდეოლოგიურ და მილიტარიზებულ აღზრდასთან აკავშირებს.