რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

07.09.26 16:45
რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბური საწვავის ქურდობის საქმეს იძიებენ. უწყების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის პოლიციისთვის განკუთვნილი საავტომობილო საწვავის მითვისების საქმეზე დაკავებულია რეგიონული შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი სერგეი მალკოვი, ასევე უწყების კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი - ალექსეი სუიაროვი და ანა ლევინა. სამივე მათგანი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გაათავისუფლეს.

გამოძიების ვერსიით, სავარაუდო სქემაში მონაწილეობდნენ კომპანია „ევროტრანსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ მარტინოვი და მისი სამი ტოპ-მენეჯერი. სამი მენეჯერი უკვე პატიმრობაშია, ხოლო მარტინოვი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებულია და გამოძიება მათ წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისება/გაფლანგვა. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე პატიმრობაა.

გამოძიება დანაშაულის სხვა შესაძლო მონაწილეებსაც ადგენს.

მსგავსი სიახლეები