პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა - ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა.
სიბიგა უკრაინის მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს.
„მისი ბალისტიკური რაკეტები სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები დიპლომატიის შესახებ. საცხოვრებელ შენობებზე იერიშები მას ამ ომში გამარჯვებასთან არ აახლოებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ტერორი“, - წერს სიბიგა X-ზე.
რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა - კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა შვიდი.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დედაქალაქზე 8 სექტემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნგრევა და ხანძარი ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
მათივე განცხადებით, სოლომენსკის რაიონში ადამიანები ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობაში იყვნენ ჩარჩენილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.