ზელენსკი: ომი, სავარაუდოდ, ზამთარშიც გაგრძელდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთთან ომი ზამთარშიც გაგრძელდება. ამის შესახებ მან დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან კიევში გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ომის დასრულების გზები, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის ზამთრის პერიოდში მხარდაჭერა განიხილეს, თუმცა კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად, თუმცა შესაძლო შეთანხმებამ ქვეყნისთვის ღირსეული და მდგრადი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.
კიევში ჩასვლამდე უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. კრემლში გამართული შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები შინაარსიანად შეაფასეს, პუტინს კომპრომისზე წასვლის მზადყოფნის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია.