უნგრეთი 10 რუს დიპლომატს აძევებს - ბუდაპეშტი „მიუღებელ საქმიანობაზე“ საუბრობს
უნგრეთი ქვეყნიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს აძევებს. საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანის განცხადებით, უნგრეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ დიპლომატები ვენის კონვენციასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდნენ. კონკრეტულად რა ქმედებებზეა საუბარი, ბუდაპეშტი არ ასაჯაროებს.
ორბანის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატების გაძევება მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს და უნგრეთი რუსეთთან აუცილებელი დიალოგის გაგრძელებას გეგმავს.
„ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენელმა რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი უნგრეთში ეწეოდა საქმიანობას, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატისთვის მიუღებელია. ამიტომ უნგრულმა მხარემ მათ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს. ის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. უნგრეთი კვლავ აპირებს აუცილებელი დიალოგის შენარჩუნებას - ურთიერთპატივისცემისა და წესების დაცვის საფუძველზე, - განაცხადა ანიტა ორბანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება.