რუსული დარტყმა უკრაინული ტელეკომპანიის ნიუსრუმზე - დაშავებულია ექვსი თანამშრომელი
უკრაინული ტელეკომპანია „Ми - Україна“-ს ნიუსრუმზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერის, იური სუგაკის განცხადებით, დარტყმა მიზანმიმართულად სწორედ იმ სივრცეს მოხვდა, სადაც თანამშრომლები პირდაპირ ეთერზე მუშაობდნენ.
„ამჯერად, როგორც ხედავთ, დარტყმა მიზანმიმართულად ნიუსრუმზე განხორციელდა. სწორედ იქ მუშაობდნენ ადამიანები პირდაპირ ეთერში... მათი დაზიანებები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. ყველა მათგანს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია“, - განაცხადა სუგაკმა.
მან ოპერატიული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სხვა უკრაინული მედიასაშუალებების, მათ შორის „1+1“-ის, „ინტერის“, Freedom-ის, „სუსპილნესა“ და „ჰრომადსკეს“ თანამშრომლებს.
დარტყმის შემდეგ „Ми - Україна“-ს მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია. ტელეკომპანიის გუნდი მუშაობის აღდგენას ერთი-ორი დღის განმავლობაში გეგმავს.
ეს ტელეკომპანიის შენობაზე განხორციელებული უკვე მეორე დარტყმაა - 20 აგვისტოს აფეთქების ტალღამ შენობის ფანჯრების ნაწილი დააზიანა.