აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა - მათ შორის ისინი, რომლებიც რეისებს თბილისის მიმართულებითაც ასრულებენ

09.09.26 10:31
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა - მათ შორის ისინი, რომლებიც რეისებს თბილისის მიმართულებითაც ასრულებენ

აშშ-მა ირანის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. 8 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 36 კომპანია დაასანქცირა, მათ შორის ირანის 27 ავიაკომპანია. ვაშინგტონის განცხადებით, თეირანი სამოქალაქო ავიაციას იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად, ასევე სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.

სანქციები შეეხო მესამე ქვეყნების კომპანიებსაც, რომლებიც აშშ-ის მიერ უკვე სანქცირებულ Mahan Air-ს ეხმარებიან. ამასთან, OFAC-მა ირანთან დაკავშირებული სამი საავიაციო ნებართვა გააუქმა და უცხოურ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ირანულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა.

"„ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთის“ (Economic Outcast) ეგიდით, მკაცრ შედეგებს დავპირდით მათ, ვინც სასიცოცხლო ფინანსური ხაზებით უზრუნველჰყოფს ირანის რეჟიმს. დღეს, გავაგრძელეთ დაპირების შესრულება, იმ კომპანიების დასანქცირებით, რომლებიც განაგრძობენ კომპანია Mahan Air-ის მხარდაჭერას. დაე, ეს იყოს გაფრთხილება ნებისმიერისთვის, ვინც აწარმოებს ბიზნესს ირანის დანარჩენ ავიაკომპანიებთან, რომლებიც დღეს დავასანქცირეთ: თქვენ ხართ გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის საფრთხის ქვეშ, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.

დასანქცირებულ 27 ირანულ ავიაკომპანიას შორის არიან Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines და Varesh Airlines, რომლებიც თბილისის მიმართულებითაც ასრულებენ რეისებს.

ახალი შეზღუდვები „ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთის“ ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი ცდილობს ირანს შეუზღუდოს ფინანსური რესურსები, სანქციების გვერდის ავლის არხები და ის სექტორები, რომლებსაც, აშშ-ის შეფასებით, თეირანი რეჟიმისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდასაჭერად იყენებს.