აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება - ბაირამოვი

09.09.26 20:32
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება - ბაირამოვი

აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები ჩრდილოეთიდან, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან, დაიწყება და სამხრეთის მიმართულებით გაგრძელდება - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

ბაირამოვმა ბაქოში, „ბაქოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულზე“ შეკრებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ქვეყნის კომისიები არაერთხელ შეხვდნენ, დაამტკიცეს დოკუმენტები, რომლებიც კომისიების საქმიანობას არეგულირებს.

მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება, თუ რა მიმართულებით უნდა დაიწყოს გაგრძელდეს  საერთო საზღვრის დემარკაციის პროცესი. 

რაც შეეხება დელიმიტაციის შემდგომ დეტალებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  საკითხები საჭიროების შესაბამისად და შესაბამის დროს განიხილება.

ასევე არსებობს შეთანხმება და ურთიერთგაგება, რომ სამუშაოები დაიწყება საზღვრის ყველაზე რთული, ჩრდილოეთი მონაკვეთიდან - აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გაგრძელდება...

ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტთან დაკავშირებული საკითხები დელიმიტაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში განიხილება" - თქვა ბაირამოვმა.

მისი თქმითვე, საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობა არ შეცვლილა და მისი თანათავმჯდომარეები ვიცე-პრემიერები, შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი არიან.

ცნობილია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს კვლავ არ აქვთ დელიმიტირებული ერთმანეთთან საზღვარი, რომელიც დაახლოებით 1000 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს. დასრულებული არ არის ამ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაცია არც საქართველოსთან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადამ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის 2/3-ის დელიმიტაციაზე ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

მსგავსი სიახლეები