ლევან იოსელიანი აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

10.09.26 14:01
ლევან იოსელიანი აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება - ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცვალი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

იოსელიანის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს (EUR), დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს (DRL), ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს (INL), ასევე საგარეო დახმარების ოფისის (FAO) წარმომადგენლებთან.

განცხადების თანახმად, ლევან იოსელიანმა ამერიკულ მხარეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებსა და მისი რეკომენდაციებს შესახებ. 

შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი გამოძიებების წარმართვის მნიშვნელობასა და რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხებისადმი, საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკულ ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას, განაგრძოს სვლა დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ვაშინგტონში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური.