ოდესაში დაშავებულთა რაოდენობა 38-მე გაიზარდა - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ ოდესასა და უკრაინის სხვა ქალაქებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოდესის ოლქში სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები განადგურდა, მაშველები კი ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ.
ოდესის ოლქის ქალაქ ჩორნომორსკში რუსული დრონი სასტუმროს შენობას მოხვდა, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებდა. დაშავდა 11 ადამიანი.
მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც — ღამით რუსული დრონები საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. მოგვიანებით ქალაქზე სარაკეტო იერიშიც განხორციელდა და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.
რუსეთის მასშტაბური შეტევის ერთ-ერთი სამიზნე დნიპროპეტროვსკის ოლქიც იყო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მთლიანობაში, ღამის იერიშისას რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაკეტები და 129 დარტყმითი და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა; მთავარი მიმართულება ოდესის ოლქი იყო.