მერცის მრჩეველი, ბორის ჯონსონი და ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ
ბორის ჯონსონის მატარებელთან ახლოს რუსულმა დრონმა სხვა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყა. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი გიუნტერ ზაუტერი უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით სპეციალური მატარებლით გადაადგილდებოდნენ.
დრონის იერიში პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ, ახალი დარტყმის საფრთხის გამო, სპეციალური მატარებელი გააჩერეს და მგზავრების ნაწილი საევაკუაციოდ მოამზადეს. მოგვიანებით განგაში გაუქმდა - დამატებითი დრონები აღარ დაფიქსირებულა.
მატარებელში ჯონსონისა და ზაუტერის გარდა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ბუნდესტაგის დეპუტატები, დიპლომატები და მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ისინი კიევიდან ბრუნდებოდნენ, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან რუსეთის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხიც განიხილეს.
შემთხვევის შედეგად სპეციალური მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.