დარღვევები, ტექნიკური შეფერხებები და დამკვირვებლებზე ზეწოლის ბრალდებები - როგორ ჩაიარა დუმის არჩევნებმა რუსეთში

21.09.26 11:48
დარღვევები, ტექნიკური შეფერხებები და დამკვირვებლებზე ზეწოლის ბრალდებები - როგორ ჩაიარა დუმის არჩევნებმა რუსეთში

როგორ მიმდინარეობდა დუმის არჩევნების რუსეთში - კენჭისყრის ბოლო დღის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოსკოვში შეიქმნა, სადაც ასობით ამომრჩეველს ბიულეტენის მიღება გაუჭირდა. რამდენიმე უბანზე ელექტრონული ამომრჩეველთა სიების სისტემა შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც მოქალაქეებს ქაღალდის ბიულეტენებსაც ვერ აძლევდნენ. კომუნარკის ერთ-ერთ უბანთან კენჭისყრის დასრულების დროისთვის რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი. მოსკოვის საარჩევნო კომისიამ მოგვიანებით დაახლოებით 15 უბანს მისცა შესაძლებლობა, 20:00 საათის შემდეგაც გაეგრძელებინა ხმის მიცემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უბნებზე დახურვამდე მივიდნენ.

მოსკოვის საარჩევნო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სისტემის მუშაობის შეფერხებები მასშტაბურ კიბერშეტევებს დაუკავშირეს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა განაცხადა, რომ არჩევნებმა „თითქმის იდეალურად“ ჩაიარა.

არჩევნების მიმდინარეობისას ვრცელდებოდა ცნობები დამკვირვებლებზე ზეწოლის შესახებაც. გამოცემა DOXA-ს ცნობით, მოსკოვის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენების დასათვლელი მაგიდებისგან ლენტით გამოყოფილი ზღვარი დაუწესეს; ყაზანში დამკვირვებელი ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა, ხოლო იჟევსკში კომუნისტური პარტიის სამი წარმომადგენელი პოლიციაში გადაიყვანეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სვერდლოვსკის ოლქში პარტია „ახალმა ხალხმა“ ხმების დათვლის დაწყებამდე საკუთარი დამკვირვებლების ნაწილი გაიწვია.

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56,66% შეადგინა. ოქმების დაახლოებით 13%-ის დამუშავების შემდეგ მმართველი „ერთიანი რუსეთი“ 57,54%-ით ლიდერობდა. ამავე დროს, ВЦИОМ-ისა და „ინსომარის“ ეგზიტპოლები პარტიას შედარებით დაბალ — 49,4%-დან 52,8%-მდე — შედეგს აძლევდა. რეგიონების მიხედვით აქტივობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა: ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთში მან 93,98% შეადგინა, ირკუტსკის ოლქში კი — 36,09%.