რუსეთმა კიევი დაბომბა - არიან დაშავებულები
რუსეთის მორიგი იერიში კიევზე - 23 სექტემბერს, დილით, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აფეთქებების შემდეგ ხანძრები გაჩნდა, დაზიანდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და დროებით შეჩერდა საქალაქო ელექტრომატარებლების მოძრაობა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომიანსკის რაიონში ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლებს შორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გაჩნდა სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზეც.
გოლოსიივსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობე შენობებს გაუჩნდა, უპილოტო საფრენი აპარატი კი ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა.
დარნიცკის რაიონში დარტყმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე დაფიქსირდა. ამავე რაიონში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
კლიჩკოს ბოლო ინფორმაციით, რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
გაზრდილი საჰაერო საფრთხის გამო Kyiv City Express-ის მატარებლების მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდა.