ზელენსკიმ ტრამპს „ლინდსი გრემის“ კანონის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

23.09.26 10:21
ზელენსკიმ ტრამპს „ლინდსი გრემის“ კანონის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მიმართული ე.წ. „ლინდსი გრემის“ კანონის მხარდაჭერისა და ხელმოწერისთვის მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის პრეზიდენტები 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. კანონი კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო და ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი.

შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ ტრამპს პირადი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია ზამთრამდე მოხდეს.

„იმედი მაქვს, ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება. ვფიქრობ, ეს რაც შეიძლება სწრაფად, ზამთრამდე უნდა გავაკეთოთ“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ტრამპმა, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმებაზე ისაუბრა, თუმცა მისი პირობების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ. არ მინდა ვთქვა, როგორი იქნება ეს შეთანხმება. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც“, - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა უკრაინის დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე. მისი თქმით, ამ შეტევებმა რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და დიზელის საწვავის ფასზეც იმოქმედა.

„ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის. დიზელის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა“, -განაცხადა ტრამპმა.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა შესაძლო დეესკალაციის ნაბიჯები და ზამთრის წინ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საკითხებიც განიხილეს.

მსგავსი სიახლეები