რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს

23.09.26 10:30
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს. WABC Radio-სთან ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა დიპლომატიაში მოვლენები ყოველთვის ლოგიკურად არ ვითარდება.

„ამ მომენტისთვის შეთანხმება არ გვაქვს. არადა, ამის გაკეთება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა. ეს ომი არცერთი მხარისთვის არ არის სასიკეთო“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მზად არის, ვაშინგტონმა მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის როლი შეასრულოს და მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს.

„სადაც შესაძლებლობა იქნება, დადებითი გავლენა მოვახდინოთ და ამ ორ მხარეს შორის ხიდი გავდოთ, პრეზიდენტი ამისთვის მზადაა. ჩვენ ამის მცდელობას არ შევწყვეტთ“, - თქვა რუბიომ.

რუბიოს განცხადებით, მისი შეფასებით, ომი საბოლოოდ მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით.

„ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს. ის მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს ურთიერთობას ორივე მხარესთან და ეცდება გამოიყენოს შესაძლებლობები, რომლებიც ომის დასრულებისკენ რეალური პროგრესის მიღწევას შეუწყობს ხელს.