დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში ასობით რეისი გადაიდო
უკრაინული დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეფერხდა. ასობით რეისის გაუქმებისა და გადადების შედეგად, ათასობით მგზავრი დანიშნულების ადგილას გამგზავრებას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შერემეტიევოს აეროპორტში, სადაც მგზავრებს ღამის გათევა ტერმინალებში უწევთ.
მედიის ცნობით, გადატვირთულ აეროპორტში ადამიანები იატაკზე, კაფეებსა და ბავშვთა სათამაშო სივრცეებში იძინებენ. მგზავრების ნაწილი აცხადებს, რომ სასტუმროებში განთავსებას ვერ ახერხებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ვითარებას აუარესებს აეროპორტში კვების მაღალი ფასებიც. გავრცელებული ცნობით, ერთი შაურმის ფასი თითქმის 12 დოლარს აღწევს.
17 ოქტომბრის მონაცემებით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის ოთხ მთავარ აეროპორტში 350-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. გავრცელებული წინასწარი შეფასებით, შეფერხებული რეისების რაოდენობა 400-ს უახლოვდებოდა.