რუსეთმა უკრაინის ენერგოსექტორზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 16 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის 15-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა სამიზნე.
ზელენსკის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და უკრაინული ენერგოკომპანიების ხელმისაწვდომი რესურსები.
უკრაინული მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლუცკში, რივნეში, ჟიტომირში, ვინიცაში, შეპეტივკაში, სლავუტასა და ნეტიშინში. იერიშების სამიზნე გახდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ხარკოვის, კიევისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებშიც.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 16 ოქტომბრის საღამოდან მომდევნო დილამდე რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით 320-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი და რაკეტა გაუშვა.