საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა

18.10.26 14:07
საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა

საფრანგეთში ცხოვრების დონის გაუარესებისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები საწვავის გაძვირებას, სოციალური ხარჯების შემცირებასა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ.

17 ოქტომბერს საპროტესტო გამოსვლებმა პარიზი, მარსელი, ტულუზა და საფრანგეთის სხვა ქალაქები მოიცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შუადღისთვის პარიზის რეგიონის გარეთ 140 საპროტესტო აქცია იყო აღრიცხული, რომელშიც 32 800 ადამიანი მონაწილეობდა.

რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა ჯგუფები სახელმწიფო შენობებში შეიჭრნენ, დაფიქსირდა ხანძრისა და ქონების დაზიანების შემთხვევებიც. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საპროტესტო მოძრაობა სექტემბერში სკოლის მოსწავლეების გამოსვლებით დაიწყო. თავდაპირველად ისინი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი დემონსტრაციებს სტუდენტები, პროფესიული კავშირები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროტესტის მთავარ მოთხოვნებს შორის ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ფასების შემცირება და საჯარო სერვისების დაფინანსების შენარჩუნებაა.